“კორონავირუსული ინფექცია გარდაიქმნება ისეთივე ჩვეულებრივ რესპირაციულ ინფექციად, როგორიც ჩვენ ყოველწლიურად გვხვდება” – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსული ინფექციის პანდემია 2020 წელს დამთავრდება და მედიცინა უფრო ადვილად დასძლევს ამ გამოწვევას, ვიდრე ეს იყო წინა საუკუნის დასაწყისში „ისპანკას“ ვირუსის დროს.
„კორონავირუსული ინფექციის პანდემია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევაა. ალბათ, ეს მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო, რომ 21-ე საუკუნეში კაცობრიობის განვითარების მთავარი ლოკომოტივი, ერთი მხრივ, იქნება ბიოტექნოლოგიური მიმართულებები, მეორე მხრივ კი, კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის გამო ყველაზე დიდ პრობლემებსა და გამოწვევებს შევხვდებით ბიოლოგიურ ახალ მუტირებულ აგენტებთან და ვირუსებთან დაკავშირებით. ამიტომ ინოვაციური განვითარების საუკუნეში, მედიცინა უფრო ადვილად დასძლევს ამ გამოწვევას, ვიდრე ეს იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში „ისპანკას“ ვირუსის დროს. ინოვაციური იდეები მოდის ახალგაზრდებისგან, ეს იდეები ძალიან სწრაფად ნახულობენ იმპლემენტაციას ცხოვრებაში, ვინაიდან ამაში ახალგაზრდა თაობაა ჩართული. მთავარია, რომ ჩვენ, უფრო გამოცდილმა თაობამ, სახელმწიფომ, კერძო სექტორმა და ფართო საზოგადოებამ გამოვიჩინოთ სოლიდარობა, დიდი სამოქალაქო და სახელმწიფო პასუხისმგებლობა. ყველა იმ გამოწვევას, რაც საზოგადოებას 21-ე საუკუნეში შეხვდება, აუცილებლად დავძლევთ. დარწმუნებული ვარ, კორონავირუსული ინფექციის პანდემია 2020 წელს დამთავრდება. კორონავირუსული ინფექცია გარდაიქმნება ისეთივე ჩვეულებრივ რესპირაციულ ინფექციად, როგორიც ჩვენ ყოველწლიურად გვხვდება სხვადასხვა ვირუსით გამოწვეული ინფექციების დროს, რომლებსაც დღევანდელი მედიცინა ერევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 27 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 81 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 13 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4505 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.
საქართველოში 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 559,235 მიაღწია. გარდაიცვალა 25,354 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 128,781 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.