კორონავირუსის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია. Kaiser Permanente-ს ინსტიტუტში უკვე ჩატარდა პირველი ცდა, რომლის შედეგებსაც მთელი მსოფლიო ელის. ამის შესახებ ინფორმაციას NBC ავრცელებს.
სპეციალისტები თვლიან, რომ მას შემდეგ რაც კორონავირუსმა ჩინეთში იფეთქა, საკმაოდ მოკლე დროში მოხდა პირველი ვაქცინის შემუშავება და ადამიანზე გამოცდა.
Associated Press-ის წარმომადგენლები იყვნენ პირველები, რომლებიც ესწრებოდნენ პატარა ოთახში პირველ საექსპერიმენტო ინექციას.
“რა ვთქვა არვიცი, რაღაცნაირად, უმწეოდ ვგრძნობ თავს, ეს არის შესაძლებლობა ჩემთვის, ვიღონო რაიმე” – განაცხადა ჯენიფერ ჰალერმა, რომელიც ელოდა პირველ ჩხვლეტას. ის ორი ახალგაზრდის დედაა და როგორც ის ამბობს, მისი შვილებიც ელიან პოზიტივს. ჩხვლეტის შემდეგ მან დატოვა ოთახი და თქვა, რომ თავს მშვენივრად გრძნობს.
“თუკი გამოცდა დამაკმაყოფილებლად ჩაივლის ვაქცინა დაახლოებით 12-18 თვე ვერ იქნება ხელმისაწვდომი ფართო მასებისთვის”, – ასეთი განცხადება გააკეთა ექიმმა ენტონი ფაუსიმ, რომელიც ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის წარმომადგენელია.
მისი თქმით, აღნიშნული ექსპერიმენტული ვაქცინა mRNA-1273 არის მასაჩუსეტსის ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-სა და კომპანია NIH-ის მიერ შემუშავებული ერთობლივი პროდუქტი.
შეგახსენებთ, მსოფლიოში კორონავირუსით 179,223 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 78,285 გამოჯანმრთელდა, ხოლო 7,067 პირი გარდაიცვალა.