ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადადის” – გახარია

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს.

პრემიერ მინისტრმა განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

“მარნეულში გვყავს ინფიცირებული ქალბატონი, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა. ეს გახლავთ ზუსტად ის შემთხვევა, რომლისთვისაც ჩვენ ვემზადებოდით, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი… შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი… სიტუაცია არის საკმაოდ რთული.

დღეს საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეულისა და ბოლნისის რაიონები გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე, რაც სამართლებრივად ნიშნავს შემდეგს: დღეიდან იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად, ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

ასევე, ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და იმ შემთვევაში, როდესაც გვექნება მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად შესაძლებლობა, მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეებს მივცეთ საშუალება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების.

მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული პრეროგატივა“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, მარნეულში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. ის მარნეულიდან თბილისში გადმოიყვანეს.

საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია რამდენიმე პირი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა და  საერთო ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8 გახდა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გუშინ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

იტვირთბა....