ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორების შემთხვევაში პირს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა დაეკისრება

საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის წესით და სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

აღნიშნული ცვლილებები პარლამენტში დღეს მიიღეს და ის „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის. კანონპროექტის გათვალისწინებით, კარანტინის წესის დარღვევა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დაისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ამასთანავე, კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით დაჯარიმდება.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 34 შემთხვევაა დადასტურებული.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1008 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 64. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 183 319-ს მიაღწია. გარდაიცვალა 7 177 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 79 908 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....