აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
როგორც მინისტრი აცხადებს, კომპანია 500 000 პირბადეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს.
„მთავრობის გარდა მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა და სოციალური პასუხისმგებლობა. არაერთმა პირმა მოგვმართა მზადყოფნით, რომ ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითია კომპანია აჭარა ტექსტილის ინიციატივა. კომპანიამ გადააწყო თავისი სამეწარმეო ხაზი და დაიწყო სამედიცინო პირბადეების დამზადება. არსებულ ვითარებაში გაზრდილია მოთხოვნა პირბადეებზე, კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი რაოდენობის პირბადეების წარმოებას, რომ დეფიციტი არ შეიქმნას.
კომპანია 500 000 ცალ პირბადეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს. ჩვენ ვიყავით არსებულ საწარმოში. გათვალისწინებულია ყველა რეკომენდაცია, რაც პერსონალის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ 17 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 34 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1008 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 64. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 183 319-ს მიაღწია. გარდაიცვალა 7 177 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 79 908 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.