ხვალიდან სპეციალისტებს სწრაფი ტესტებით მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმების შესაძლებლობა ექნებათ. ჩინეთიდან სპეცრეისით ჩამოტანილ კორონავირუსის სადიაგნოსტიკო საშუალებებს პირველად მარნეულსა და ბოლნისში გამოიყენებენ.
მარნეულსა და ბოლნისში მედიკოსებს საშუალება ექნებათ, სწრაფად გამოავლინონ ვირუსის შესაძლო შემთხვევები.
საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანა 4 ეტაპად იგეგმება. აპრილის ბოლომდე ქვეყანაში 200 000-მდე სადიაგნოსტიკო საშუალება იქნება.
ახალი ანტიგენური ტესტი კორონავირუსს საწყის ეტაპზე ავლენს. COVID-19-ის დასადგენად რამდენიმე საათის ნაცვლად უკვე ერთი საათი იქნება საჭირო.
ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, ახალი ტესტები პრიორიტეტულად გამოიყენოს მედპერსონალისა და რისკჯგუფის ადამიანებისთვის. სწრაფი ტესტით დიაგნოსტირება მოქალაქეებისთვის მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით იქნება შესაძლებელი.
მედიკოსთა რჩევით, მოქალაქეებმა კონსულტაცია ჯერ ოჯახის ექიმთან სატელეფონო ზარის საშუალებით უნდა გაიარონ და ექიმის ნებართვის შემდეგ მიაკითხონ კლინიკას სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით.
ჩინეთისა და სამხრეთ კორეის გარდა, სწრაფი ტესტები გამოიყენება გერმანიაში, ისრაელსა და აშშ-ში.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. 70 დადასტურებული შემთხვევიდან ცხრა უკვე გამოჯანმრთელებულია. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად დაახლოებით 12 პაციენტის ანალიზებია აღებული, რომელთა პასუხებსაც გვიან ღამით ელოდებიან.
ამ დროისთვის საქართველოს თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხუთ შესასვლელს შსს-სთან ერთად აკონტროლებენ.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.