შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, საველე ჰოსპიტალის მოწყობის მიზნით მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
“მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საველე ინფრასტრუქტურის მოწყობა დაევალა”,- ნათქვამია განცხადებაში.
საველე ჰოსპიტალის გარდა, ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.
შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები ჩაატარებენ.
ჰოსპიტალის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა. მარნეულში იმყოფებოდა მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სახანრძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის და ქბრბ სამმართველოს ხელმძღვანელები.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა. დღეიდან იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ცნობისთვის, პრემიერმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია 62 წლის ქალი, რომელიც მძიმე დიაგნოზით გუშინ თბილისის კლინიკაში გადმოიყვანეს.