ახალი ამბები მთავარი

“პრაქტიკულად ბავშვობიდან მიცნობთ, არასდროს პირად საკითხზე არ შემიწუხებიხართ” – უგულავა პატრიარქს

“თქვენ მე პრაქტიკულად ბავშვობიდან მიცნობთ, არასდროს პირად საკითხზე არ შემიწუხებიხართ…” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “ფეისბუქზე” წერილი გამოაქვეყნა და საქართველოს პატრიარქს ილია II-ს მიმართა.

როგორც უგულავა სოციალურ ქსელში წერს,  ქვეყანა ახლა შედის ვირუსის გავრცელების კრიზისულ ფაზაში და ეს ემთხვევა წინასააღდგომო პერიოდს. მისი თქმით, პატრიარქმა უნდა მოუწოდოს მრევლს სახლში დარჩენისკენ.

“თქვენო უწმინდესობავ, საშიშროება რეალურია – ეს იყო თქვენი სიტყვები წლების წინ, 1989 წლის 9 აპრილს და საშიშროება მართლაც რეალური იყო. საშიშროება რეალურია დღეს და თქვენს სიტყვებს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა.

მოგმართავთ თხოვნით ციხიდან. თქვენ მე პრაქტიკულად ბავშვობიდან მიცნობთ, არასდროს პირად საკითხზე არ შემიწუხებიხართ. არც მაშინ როცა თქვენი მოწაფე ვიყავი, არც მაშინ როცა ძალაუფლება მქონდა და არც ახლა როცა ციხეში ვარ. არც პირფერობა მჩვევია და ბევრი მწარე სიტყვები მითქვამს. ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

გევედრებით შეაჩერეთ ეს კატასტროფა, საშიშროება მართლაც რეალურია, მოუწოდეთ მრევლს დარჩეს სახლში, ილოცოს სახლში, სჯობს დაინთოს ასი ათასი სანთელი ეკლესიებში, ნაცვლად ასი ათასი ადამიანის შეკრებისა. ნუ გავწირავთ მათ სნეულებისთვის. დღეს ეს თქვენს ხელშია.

ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. საზოგადოება და ხელისუფლება ავად თუ კარგად, ექიმებთან ერთად, უმკლავდება ვირუსს, მაგრამ ძალაუფლების შერყევის შიშით ისინი ვერ გეტყვიან სიმართლეს. სიმართლეს უმეტესობა არც სინოდში გეტყვით, სამწუხაროდ.

სიმართლე კი ისაა, რომ ქვეყანა ახლა შედის ვირუსის გავრცელების კრიზისულ ფაზაში. ეს ემთხვევა წინასააღდგომო პერიოდს. წინ ხარება, ბზობა, შვიდგზის ზეთისცხება და ბოლოს ბრწყინვალე აღდგომაა. მოუწოდეთ მრევლს დარჩნენ სახლში.

ნუ დავანთებთ აპოკალიპტურ ცეცხლს სააღდგომოდ. დიახ, საშიშროება რეალურია და მეცნიერებას ჯიბრში არ უნდა ჩავუდგეთ.

ვერანაირი სქოსასტიკური არგუმენტი ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ დღეიდან აღდგომამდე სწორედ ჩვენ ტაძრები შესაძლოა გახდეს მთავარი რისკის არეალი.

ამან შეიძლება უბედურებამდე მიგვიყვანოს. თქვენ გვასწავლიდით, რომ ადამიანია ღვთის სახლი. ვერცერთი დიადი ტაძრის გუმბათი, ვერ მივა თუნდაც ცოდვებით დამძიმებულ ღვთის ქმნილებათა გვირგვინთან – ადამიანთან.

ნუ გადავაქცევთ ეკლესიებს სასიკვდილო საფრთხის კერად. არ მივცეთ ამპარტავნებას საშუალება, ყველა სათნოება შთანთქას.ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა, ყოველ საათს. დამნაშავეთა ძიებას აზრი აღარ ექნება. დღეს თქვენ სიტყვას შეუძლია ადამიანთა გადარჩენაც და მათი საფრთხეში ჩაგდებაც.

დღეს, საქართველოს სამოციქულო ეკლესია და პირადად თქვენ, იესოს მსგავსად ტაძრის გუმბათზეა და მინდა მჯეროდეს, რომ ეშმაკს სწორ პასუხს გავცემთ – ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი (ლუკა 4:12)

გთხოვთ, მოუწოდოთ მრევლს დარჩეს სახლში.”მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, მცირე ხნით შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს”/

პატიმარი გიგი უგულავა “,-წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

ეგახსენებთ, რომ 27 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 81 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 13 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება  4505 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 559,235 მიაღწია. გარდაიცვალა 25,354 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 128,781 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....