სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.
სასამართლო პროცესის დაწყებიდან ცოტა ხანში, სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნის საფუძველზე მოსამართლემ სხდომა დახურა.
სასამართლო პროცესს არ დასწრებია სუსის ექს-შეფი. ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა სხდომაზე ბრალდებული მაღალჩინოსნის განცხადება მიიტანა.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

