ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“წინასწარ არ ვიცოდით, რომ ეს იყო უვარგისი და ხარვეზიანი” – ტიკარაძე ჩინური კომპანიის ტესტებზე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, მათთვის უცნობი იყო, რომ ჩინური კომპანიის ტესტები ხარვეზიანი და უვარგისი იყო. აღნიშნული განცხადება ტიკარაძემ ჟურნალისტებთან გაავრცელა.

როგორც მინისტრი აცხადებს, მაშინვე, როგორც კომპანიამ თვითონ გამოაქვეყნა ნოტა და ევროპის ყველა ტესტიდან თავისი ტესტები გაიწვია, მომენტალურად გაუუქმეს ხელშეკრულება.

„წინასწარ არ ვიცოდით, რომ ეს იყო უვარგისი და ხარვეზიანი. თქვენ იცით, რომ ევროპის ქვეყნებმაც შეიძინეს ამ კომპანიისგან ტესტები. მაშინვე, როგორც კომპანიამ თვითონ გამოაქვეყნა ნოტა და ევროპის ყველა ტესტიდან თავისი ტესტები გაიწვია, ჩვენ მომენტალურად გავაუქმეთ ხელშეკრულება. თანხის გადარიცხვა ამ კომპანიაზე არ მომხდარა, შესაბამისად მათთან ჩვენი შემდგომი კონტრაქტები არ იგეგმება.

შემდეგი შემოტანები იგეგმება კვირას. ყველა იქნება სატესტო რეჟიმში, როგორც ყველა დანარჩენი ტესტი, რომელიც აქამდე შემოდიოდა საქართველოში. მოხდება ლუგარის ლაბორატორიაში მათი დატესტვა და უკვე შესაბამისი გარანტიების შემდეგ ჩვენ განვახორციელებთ ფართომასშტაბიან შესყიდვას”, – აღნიშნა მინისტრმა.

ეგახსენბთ, რომ 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 85 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 14 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 597,458 მიაღწია. გარდაიცვალა 27,370 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 133,373 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....