ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გახარიას პარტია სურსათის ფასებზე საპარლამენტო კომისიაში მიიღებს მონაწილეობას

გახარია-საქართველოსთვის დეპუტატები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში პროდუქტების ფასებთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიაში, რომლის შექმნასაც “ქართული ოცნება” საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე გეგმავს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი საკითხია. მე არ ვიცი, საქართველოში ფასებს სუს-ი როგორ დაარეგულირებს, ეს სასაცილოა, მაგრამ იმ კომისიაში, რომელიც პარლამენტში შეიქმნება, ჩვენ მონაწილეობას აუცილებლად მივიღებთ. იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს […] რადგან ეს საკითხები გაიხსნა, ჩვენ ამაში მონაწილეობას აქტიურად მივიღებთ. ერთმა ქსელურმა მარკეტმა მეორე ჩაძიროს, იმიტომ რომ მთავრობა და სუს-ი გამოიყენოს, ჩვენ ხელისუფლებას ამის საშუალებას არ მივცემთ […]

ხელისუფლებისგან განსხვავებით, რაც იმ კომისიაში მოხდება, ჩვენ ამ ინფორმაციას საზოგადოებას არ დავუმალავთ […] კითხვებს დავსვამთ. მაგალითად, ვის შემოაქვს საქართველოში ფქვილი, საწვავი, ელექტროენერგიის იმპორტი როგორ ხდება, როგორ ხდება სხვადასხვა პროდუქტის შემოტანა. ასევე, საბანკო კრედიტების ფასები როგორ დგება, რატომ არის 10% და არა მაგალითად 7%”. – თქვა გოგიჩაიშვილმა PalitraNews-ის ეთერში.

შეგახსენებთ, საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნა, ირაკლი კობახიძემ მოითხოვა. კობახიძის განცხადებით, საქართველოში ქსელურ მარკეტებში პროდუქციის ფასი ბევრად აღემატება ევროპულ ფასებს. მისივე თქმით, შესაძლოა, ბაზრის მოთამაშეები შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ. მან სამართალდამცავ უწყებებს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა.

იტვირთბა....