aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უახლოეს დღეებში, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებას შეძლებს” – გახარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზუგდიდში, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა დაათვალიერა და ჟურნალისტებთან განცხადება გაავრცელა.

როგორც პრემიერი აცხადებს, აღნიშნულ კლინიკაში ამოქმედდება 100-მდე ადგილი და შესაძლებელი იქნება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მომსახურება.

გახარიამ ასევე, რეგიონში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქესა და მედიკოსს მოუწოდა, სრული მობილიზება გამოაცხადონ.

„რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა აშენდა როგორც მრავალფუნქციური საავადმყოფო, საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობებით, თუმცა დღემდე არ იყო გაშვებული. დღეს ასეთი სამწუხარო პირობები და სერიოზული გამოწვევები გვაქვს, ამიტომ ვნახეთ, რამდენად სწრაფად შეიძლება ამ საავადმყოფოს ამოქმედება. უახლოეს დღეებში აქ ამოქმედდება 100-მდე ადგილი, რომელიც შეძლებს პოტენციურად მოემსახუროს კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეებს და ასევე, შესაძლებელი იქნება საკარანტინო ზონების ფუნქციონირება, მოგეხსენებათ აქ სასტუმროც არსებობს. ახლა მთავარია, ეს ყველაფერი მაქსიმალურად სწრაფად ავამოქმედოთ. რეგიონის თითოეულ მკვიდრს, მედიკოსს, ექიმს მოვუწოდებ, რომ სრული მობილიზება გამოვაცხადოთ,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერი ჟურნალისტებთან, გუშინ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივასაც გამოეხმაურა ემიგრანტების ჩამოყვანასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ქვეყანას, მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად არავის დახმარება არ სჭირდება.

ეგახსენბთ, რომ 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 85 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 14 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 597,458 მიაღწია. გარდაიცვალა 27,370 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 133,373 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....