ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობა ძალიან მძიმეა” – ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან დაკავშირებით “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, არის ძალიან მძიმე, საყურადღებო პაციენტები, რომლებიც რეანიმაციის განყოფილებაში არიან მოთავსებული.

„ახლა ჩვენ 34 ინფიცირებული პაციენტი გვყავს. ამათგან ოთხი ძალიან მძიმეა, საიდანაც ორი კრიტიკულიც კი არის. ერთი გახლავთ ასაკოვანი ქალბატონი, მეორე კი შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ ისიც ძალიან მძიმეა, რადგან ძალიან დიდი მოცულობის პნევმონია აქვს და გარდა ამისა, აქვს სხვა თანმხლები დაავადებებიც, რომლებიც გარკვეულ რისკს ქმნიან. ამდენად, ძალიან მძიმე, საყურადღებო პაციენტები გვყავს. ისინი რეანიმაციის განყოფილებაში არიან მოთავსებული.

დღეს ველოდებით პასუხებს. ჯერჯერობით, არ არის მოსული. შესაძლოა, გაწერა კიდევ გვექნეს დღის ბოლოს, გვიან. სხვა მხრივ, მობილიზებული ვართ და ისეთივე რეჟიმით ვმუშაობთ, როგორც ვმუშაობდით. დაახლოებით, ღამის 11-12 საათზე მეორე კონსილიუმი დგება და აბსოლუტურად ყოველდღიურად გავდივართ ყველა პაციენტს“, – განაცხადა ენდელაძემ.

როგორც ენდელაძე აღნიშნავს, პაციენტების გამოკვლევა ყველა კუთხით მიმდინარეობს და მათ ძალიან აკადემიური მკურნალობა უტარდებათ.

„დიდი ზომები გვაქვს, რომ გამოჯანმრთელებებს მივაღწიოთ. რა თქმა უნდა, წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია. ვნახოთ, რა იქნება, რადგან რისკჯგუფები მაინც რისკჯგუფებია. თუმცა, ყურადღების მოდუნება არ შეიძლება და რა თქმა უნდა, ახალგაზრდებსაც ძალიან უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან ახალგაზრდების დამძიმების შემთხვევებიც არის“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 79 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 10 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4346 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 492,799 მიაღწია. გარდაიცვალა 22,192 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 119,732 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....