aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უსახლკარო ბავშვებისთვის სპეციალური საკარანტინო სივრცე გამოიყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე, მიუსაფარ და ე.წ. ქუჩაში მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ამ ბავშვებისთვის სპეციალური საკარანტინო სივრცე გამოიყო.

მთავრობას, უსახლკარო ბავშვების კარანტინში განთავსების მოთხოვნით, სოციალურმა მუშაკებმა მიმართეს. როგორც ისინი აცხადებენ, ბავშვების გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში არ ხდებოდა, ვინაიდან მათ ვირუსის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებოდათ. მათივე თქმით, ბავშვები ღამეს ან მეტროში ან N37 ავტობუსში ათენებენ, სადაც მათი დაინფიცირების ძალიან დიდი რისკია.

მერი მაღლაფერიძე კი აცხადებს, რომ მიყვებიან შესაბამის რეკომენდაციებს და ცდილობდნენ არსებულ მდგომარეობაზე ადაპტირებას.

“ვინაიდან ვერ ვახერხებთ სერვისების მიწოდებას რეგულარულ რეჟიმში, ყველა სერვისზე, ყველა მოწყვლად ჯგუფთან მიმდინარეობს მუშაობა და ამ სერვისების მათზე და არსებულ მდგომარეობაზე ადაპტირება. აქედან გამომდინარე, არასწორი ინფორმაციის გავრცელება სწორედ მათ ინტერესებს აზიანებს”, — განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 79 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 10 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4346 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 492,799 მიაღწია. გარდაიცვალა 22,192 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 119,732 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....