დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, “ტვ პირველის” ეთერში ზიარების წესის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მრევლი ეკლესიებში იცავს იმ წესებს, რაც პატრიარქმა მათ მოუწოდა.
„თქვენს ტელევიზიაში მოიკითხეთ იგივე და ყველა ჩვენს სამსახურში, ახლა, რამდენი ადამიანი მუშაობს დისტანციურად?! ყველა ჩვენს დაწესებულებაში და ოჯახში ვიცავთ იმ წესებს, რასაც დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ ორი თვე გავიჭირვოთ მეგობრებო, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე ავადმყოფები სახლებში ვიყოთ. მოხალისეთა დიდი არმიაა, ვინც ამ პროცესს მოემსახურება. ახლა, კარგი ამინდებია და ყველას უნდა გარეთ სეირნობა, კი,ისეირნონ, მაგრამ თითო-თითომ, ორ-ორმა და დაშორებით. დღეს ერთ-ერთ ტაძართან ჩემი ახლობლები იყვნენ, გახარებულები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ვერ წარმოიდგენ, წესი როგორ არის დაცულიო. ეზოში ადგილები არის დანომრილი, ვინ სად უნდა იდგესო. ეს ადამიანები, მორწმუნე მრევლი იცავს იმას, რაც ეკლესიამ, პატრიარქმა მოუწოდა. მე მქონდა ბედნიერება, რომ ამ ბოლო ხანებში რამდენჯერმე ვწვეოდი მის უწმინდესობას და მესაუბრა მასთან და ჩვენს მღვდელთავრებთან ყველა იმ სირთულეებზე, იმ საშიშროებაზე, რაც არის შესაძლებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ვირუსის გავრცელების პიკი შემდეგი სამი-ოთხი კვირა იქნება და ეს ემთხვევა ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულებს.
შეგახსენებთ, რომ 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 90 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 16 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4534 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.
საქართველოში 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 622,343მიაღწია. გარდაიცვალა 28,802 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 137,373 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.