საფრანგეთი უკრაინას, რუსული აქტივების ხარჯზე, 195 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის -უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრის თქმით, საფრანგეთი უკრაინას 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს და Mirage 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის AASM-ის საავიაციო ბომბებს მიაწვდის.
ქვეყანა ასევე გაზრდის სამხედრო ტექნიკის წარმოებას, როგორც უკრაინის, ასევე საკუთარი არმიის მხარდასაჭერად. სებასტიან ლეკორნუს თქმით, Dassault Aviation-ი, რომელიც 2024 წელს თვეში ორ ერთეულ Rafale-ის მოიერიშე თვითმფრინავებს აწარმოებდა, 2026 წელს წარმოებას 4-5 ერთეულამდე გაზრდის.