პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ პარტიად ჩამოყალიბდა – ამის შესახებ დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. მანამდე, დამსწრეებს წარუდგინეს ვიდეო-რგოლი მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ დაფუძნებიდან პარტიად ჩამოყალიბებამდე გაწეული საქმიანობის შესახებ. ასევე, პარტიის წევრებმა დაამტკიცეს პარტიის წესდება, აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრები, თავმჯდომარე და ეროვნული საბჭოს შემადგენლობა.
პარტიის წევრების გადაწყვეტილებით, „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე იქნება.
„ჩვენი მიზანია, შევქმნათ წამყვანი პოლიტიკური ძალა საქართველოში. ეს იქნება ნამდვილი თანამედროვე, დემოკრატიული პოლიტიკური პარტია. ამის შემდეგ ჩვენი ამოცანა იქნება სახელმწიფოს დაბრუნება. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ სახელმწიფო, რომელსაც გვართმევს „ქართული ოცნება“ და ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად. ამ ბრძოლაშიც „თავისუფლების მოედანი“ ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური პარტია იქნება. შემდეგ, სახელმწიფო უნდა გავხადოთ დემოკრატიული. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ნამდვილი, მრავალპარტიული დემოკრატია. ეს აქამდე, სამწუხაროდ, არასდროს გაგვიკეთებია. შემდეგ მრავალპარტიული დემოკრატიული საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ასე დამკვიდრდება ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობა, მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ყველა ამ საქმეში „თავისუფლების მოედანი” იქნება წამყვანი პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.