ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მაღალი რისკის გამო, 1000 სწრაფი ტესტი განკუთვნილია მხოლოდ მარნეულის პაციენტებისთვის” – ტიკარაძე

„ეს სწრაფი ტესტები გახლავთ ასევე იმ ტესტების მსგავსი, როგორც აქამდე კეთდებოდა საქართველოში, თუმცა მათი დრო 6 საათის ნაცვლად შემცირებულია საათნახევრამდე”, – ამის შესახებ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან, ჩინეთიდან ჩამოსულ სწრაფ ტეტსტებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრი აცხადებს, სწრაფი ტესტები პირველი ეტაპისთვის უფრო შემოკლებულ ვადებში პაციენტების ნაკადების მართვის საშუალებას იძლევა.

„ეს სწრაფი ტესტები გახლავთ ასევე იმ ტესტების მსგავსი, როგორც აქამდე კეთდებოდა საქართველოში, თუმცა მათი დრო 6 საათის ნაცვლად შემცირებულია საათნახევრამდე, რაც პირველი ეტაპისთვის მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო შემოკლებულ ვადებში მივიღოთ გადაწყვეტილება პაციენტების ნაკადების მართვისთვის. ყველა ტესტი ჩამოტანილია აქ, ადგილზე და ჩვენი სპეციალისტები გააგრძელებენ მუშაობას. ჩვენ კიდევ ველოდებით ტესტების დამატებით რაოდენობას.

1000 ტესტი არის ამ ეტაპზე ჩამოტანილი და ველოდებით კიდევ დამატებით 3000 ტესტს კვირის ბოლოს, შემდეგ 5000- ს. საერთო ჯამში, ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს 200 000 ტესტზე, რომელიც ეტაპობრივად იქნება ჩამოტანილი საქართველოში. თქვენ იცით, რომ მსოფლიოში არის ტესტების დეფიციტი, შესაბამისად, საკმაოდ რთულია მათი მოგროვება და შესყიდვა, მაგრამ მიუხედავად ამისა მოვახერხეთ და დავდეთ ხელშეკრულება 200 000 ტესტზე. 1000 ტესტი განკუთვნილია მხოლოდ მარნეულის პაციენტებისთვის, ვინაიდან აქ არის მაღალი რისკი და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ტესტები გაკეთდება მარნეულში“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 25 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 73 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 10 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 440,806 მიაღწია. გარდაიცვალა 19,758 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 112,036 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....