aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სიტუაცია ცალსახად შეგვიძლია ჩავთვალოთ პრეკრიზისულად” – თენგიზ ცერცვაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში სამ ინფიცირების შემთხვევაზე ისაუბრა, რომელთა პირველწყაროც ჯერ დადგენილი არ არის.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, ქვეყანაში შიდა გავრცელება დღეს დაიწყო, თუმცა მისივე თქმით, შექმნილი მდგომარეობა მაინც არ წარმოადგენს კრიზისს.

“საქართველოში დაიწყო შიდა გავრცელების ეტაპი, რომელიც შეიცავს გაცილებით უფრო დიდ რისკებს ინფექციის უკონტროლოდ გავრცელების, ვიდრე ეს იყო მანამდე, სანამ შენარჩუნებული იყო მხოლოდ მესამე რიგის გადაცემა და არ იყო მეოთხეული გადაცემა, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ინფიცირებულის კონტაქტი იყო იდენტიფიცირებული და საშუალება იყო ეს კონტაქტები გამოკვლეულიყო და იქ შეწყვეტილიყო ჯაჭვი. თუმცა, სიტუაცია ცალსახად შეგვიძლია ჩავთვალოთ პრეკრიზისულად და რატომ – სამი კერა გამოვლინდა, სადაც ვერ მოხერხდა კონკრეტულად ხელის დადება იმ ადამიანზე, თუ ვისგან დაინფიცირდა პაციენტი. ანუ, პირდაპირი კონტაქტები არ არსებობს და აქ უნდა გამოვიყენოთ სხვა სახის მიდგომა, საპასუხო ღონისძიებები და ჩარევები.

კერძოდ, აქ უნდა გამოვიყენოთ კარანტინები, როგორც ეს მოხდა მარნეულსა და ბოლნისში. კარანტინი – მოსახლეობისთვის გადაადგილების შეზღუდვა, შეკრებების შეზღუდვა და უკვე არა ერთეული კონტაქტების გამოკვლევა, არამედ საკმაოდ მასიური გამოკვლევა, თუ მთელი მოსახლეობის არა, რამდენიმე ათასის”, – განაცხადა ცერცვაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობს თუ არა საყოველთაო კარანტინს, ცერცვაძე პასუხობს:

“მთელი მოსახლეობის კარანტინში გადასვლის საკითხი არ დგას და რატომ – ამ სამ პირს, მე კონკრეტულად მაინც ერთი პირის მაგალითი მაქვს, მარნეულელის. მართალია, ის ვერ ასახელებს კონკრეტულ კონტაქტს და ვერ შემოვიფარგლებით 5,10,15 კაცის კვლევით და ფართო კვლევა უნდა ჩავატაროთ, თუმცა ის მაინც ასახელებს იმ ადგილებს, სადაც ბოლო ორი კვირის მანძილზე იყო. ის იქ იყო, მარნეულში და იყო ვთქვათ წლისთავზე, საველე სამუშაოზე. ანუ, თუ არ არის ზუსტად ცნობილი ის პირები, ვისთანაც იყო კონტაქტში, მაინც ცნობილია არეალი, სადაც ის მოძრაობდა და ის გზა, რომელიც მან გაიარა და ეს მაინც აადვილებს საქმეს. ეს ერთგვარი შუალედური ეტაპია მესამეულ გადაცემასა და მასობრივ შიდა გადაცემას შორის, რადგან მაინც არის საშუალება ამ პირის გადაადგილების მარშრუტს მივსდიოთ და იქ წარვმართოთ ძირითადი ვექტორი კვლევის და არა ყველგან”, – თქვა მან.

ეგახსენბთ, რომ 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 90 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 16 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება  4534 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 622,343მიაღწია. გარდაიცვალა 28,802 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 137,373 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....