ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის „ყუდსის ძალების“ მთავარი მეთაური ჰუსეინ მაჰმუდ მარშად ალ-ჯავაჰარი მოკლეს. მათივე ცნობით, თავდასხმა დღეს დილით ლიბანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადების თანახმად, ჰუსეინ მაჰმუდ მარშად ალ-ჯავაჰარი ბოლო წლებში ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული შეთქმულებების განხორციელებაში მონაწილეობდა.
„ჰუსეინი მოქმედებდა ირანის რევოლუციური გვარდიის დაქვემდებარებაში და მონაწილეობდა ირანის მიერ ისრაელის სახელმწიფოსა და უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ტერორისტულ საქმიანობაში. ისრაელის თავდაცვის ძალები და „შინ ბეტი“ დიდი სერიოზულობით ეკიდებიან ირანის რეჟიმისა და მისი მოკავშირეების მიერ ტერორისტული შეთქმულებების ხელშეწყობის ნებისმიერ მცდელობას და გააგრძელებენ მოქმედებას ისრაელის სახელმწიფოსთვის ნებისმიერი საფრთხის მოსაშორებლად“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
თავდასხმის ფაქტს ადასტურებენ ლიბანში. ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, ისრაელის დრონის დარტყმის შედეგად, რომლის სამიზნეც სირიის საზღვართან ახლოს ავტომობილი იყო, ორი ადამიანი დაიღუპა.
ცნობისთვის, „ყუდსის ძალები“ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ელიტარული ჯგუფია.

