ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველოში უკვე არის შიდა გადაცემის განგაშის ნიშანი.. არ გვაქვს სახუმაროდ საქმე” – ამირან გამყრელიძე

„სამი შემთხვევის პირველწყარო არ ვიცით” – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთ შემთხვევაში პირველწყარო, სავარაუდოდ, დადგინდება, თუმცა ორში, დიდი ალბათობით, ეს ვერ მოხერხდება.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, ქვეყანაში უკვე დადის ინფიცირებული ადამიანი, რომელიც სხვებს ასნებოვნებს, რაც ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა.

„სამი შემთხვევის პირველწყარო არ ვიცით. ამ სამიდან ერთში დიდი იმედი გვაქვს, რომ დავადგენთ პირველწყაროს, ისიც უკვე იზოლირებულია და არის შესაბამისად გამოკვლეული, მაგრამ ორი შემთხვევის ნამდვილად არ ვიცით და დიდი ალბათობით, ვერ დავადგენთ. ანუ ამ ორ შემთხვევაში უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცენდენტი. არის ხალხი ქვეყანაში, სადაც უკვე არის შიდა გადაცემის განგაშის ნიშანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება ვიღაცისგან, რომელიც იდენტიფიცირებული არ არის და ის ინფიცირებული ადამიანი დადის უკვე ქვეყანაში, ის უკვე სხვას ასნებოვნებს. ამიტომ თვითონ ეს ფაქტია უკვე ძალიან საყურადღებო და საგანგაშო“, -განაცხადა გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ეგახსენბთ, რომ 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 90 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 16 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება  4534 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 622,343მიაღწია. გარდაიცვალა 28,802 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 137,373 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....