მსოფლიო მასშტაბით დაწესებული შეზღუდვები, შვედეთისთვის არ აღმოჩნდა პრობლემა და ქვეყანაში დღემდე არ იკრძალება თავყრილობა. არც ბაღები, სკოლები და სამსახურებია დახურული. ღიაა რესტორნები, ბარები, მაღაზიები და სავარჯიშო დარბაზები. ქვეყანას არც საზღვრები ჩაუკეტია.
შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ მოსახლეობას აკრძალვის ნაცვლად რჩევები მისცა და ურჩია 70 წელს ზემოთ მოხუცები სახლში დარჩნენ. მათ კი ვისაც კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებოდათ, სიმპტომების გავლიდან ორ დღეში კვლავ შეუძლიათ სამსახურში წავიდნენ.
შვედი პროფესორები და მკვლევარები კი, მთავრობას ღია წერილს უგზავნიან და ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. თუმცა, შვედეთის სახელმწიფო ეპიდემიოლოგი ანდერს ტეგნელი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას კურირებს, ამბობს, რომ სტრატეგია მუშაობს და ქვეყანა მრუდის გაბრტყელებას ახერხებს.
მისი თქმითვე, რბილ მიდგომას ისიც უწყობს ხელს, რომ ესპანეთისა და იტალიისგან განსხვავებით, შვედეთში იშვიათია, რამდენიმე თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდეს, რაც ხანდაზმულების იზოლაციას აადვილებს.
“ყველაფერი პოლიტიკური გახდა, საზღვრების დაკეტვა კლასიკური მაგალითია. 2009 წლის ღორის გრიპის პანდემიისას ბევრი ვიმსჯელეთ და შედგა კონსენსუსი მსოფლიოს ექსპერტებს შორის, რომ საზღვრების დაკეტვას არასდროს უმუშავია და არც არასდროს იმუშავებს,” – ამბობს ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი.
ამ დროისთვის შვედეთში, COVID-19-ის 3,000 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსს 100 ადამიანი ემსხვერპლა. 16 კი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 597,458 მიაღწია. გარდაიცვალა 27,370 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 133,373 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
28 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 85 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 14 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.
საქართველოში 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.