ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზუგდიდში დღეს მოვიდა იმაზე მეტი ხალხი, ვიდრე მოსალოდნელი იყო და, როგორც ჩანს, პოლიციამ ვერ იმუშავა” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ზუგდიდში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ განვითარებული მოვლენები პოლიციის ბრალია.

მისი თქმით, ზუგდიდში ვირუსისგან დამცავი პაკეტების ასაღებად მოსალოდნელზე მეტი ხალხი მივიდა, რაც პოლიციამ ვერ გააკონტროლა.

“რამდენიმე დღეა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა ამერიკელი ქართველების და ახალგაზრდა, თავდადებული მოხალისეების მონაწილეობით თბილისში, მარნეულში, რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავში და სხვა დასახლებულ პუნქტში არიგებს სადეზინფექციო საშუალებებსა და პირბადეებს. ბევრგან სახლში მიაქვთ, თითქმის ყველგან პოლიციამ ძალიან მაგრად იმუშავა და ხალხი იცავს უსაფრთხო დისტანციას. ზუგდიდში დღეს მოვიდა იმაზე მეტი ხალხი, ვიდრე მოსალოდნელი იყო და, როგორც ჩანს, პოლიციამ ისე ვერ იმუშავა, როგორც იმუშავა წინა დღეებში. ამაზე ატყდა ერთი ამბავი ხელისუფლების მხრიდან, რომ ბიბლიოთეკამ დაარღვია უსაფრთხოების წესები” – აცხადებს სააკაშვილი.

ზუგდიდში სააკაშვილის ინიციატივით ათეულობით ადამიანი შეიკრიბა. ექსპრეზიდენტის განცხადებით, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ ზუგდიდში შეკრებილ მოქალაქეებს პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო ხსნარები დაურიგა.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 79 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 10 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4346 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 492,799 მიაღწია. გარდაიცვალა 22,192 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 119,732 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....