თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია, კლინიკაში მყოფ პაციენტებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განცხადებას ავრცელებს.
როგორც ეზუგბაია აცხადებს, კორონავირუსის დიაგნოზის მქონე 3 პაციენტს ჩაუტარდა პირველადი ტესტირება და მკურნალობის შემდეგ პასუხი უარყოფითია.
“დილის შემდეგ ჯერჯერობით მონაცმები არ შეცვლილა, 73 პაციენტი არის დადასტურებული შემთხვევა. აქედან 32 ჩვენი პაციენტია. არსებული სიტუაციით, 10-მა პაციენტმა ტესტირება ჩაიტარა ჩვენს ცენტრში, ახალ პაციენტებთან ყველა უარყოფითი იყო. ძველი პაციენტების შემთხვევაში კი 3 პაციენტთან პირველი ეტაპი უარყოფითია. ასევე, გვყავს სამი მძიმე პაციენტი. გუშინდელი დადასტურებული პაციენტი მოთავსებული იქნა ჩენს ცენტრში, მაგრამ მისი მდგომარეობა კვლევის პროცესშია. რაც შეეხება იმ პაციენტს, რომელსაც სეფსისი აქვს, სეფსისიც და პლევმონიაც ამ დავადების გამოვლინებაა. თუ ეს პროცესი იქნება მართული და აღარ იქნება ამ სეფისისის ფონზე მდგომარეობის დამძიმება, რასაც სხვადასხვა ორგანოების უკმარისობა ჰქვია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა სტაბილური იქნება. რაც შეეხება 3 პაციენტს, რომელთანაც პასუხი იყო უარყოფითი, პირველადი კვლევით, 24 საათიანი ვადის გასვლის შემდეგ უარყოფითი პასუხი არის ვირუსის ელიმინაციის, ანუ ორგანიზმიდან ვირუსის დატოვების საფუძველი. მაგრამ ხანდახან მარტო ეს არაა ხოლმე საკმარისი. საჭიროა შეფასდეს სხვა კლინიკური მონაცემებიც,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ 25 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 73 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 10 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.
საქართველოში 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 440,806 მიაღწია. გარდაიცვალა 19,758 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 112,036 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.