ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მიმართეთ გახარიას და მის პატრონ ივანიშვილს, დაუშვან ნებართვა! ისინი ბლოკავენ ჩვენს შემოთავაზებას” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას უარის შემდეგ კიდევ ერთხელ მიმართავს. ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოქალაქეების დაბრუნების გეგმას მთავრობა ბლოკავს.

“24 საათის მოცდის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ, ეტყობა სანამ ბუნკერში მყოფ ივანიშვილს დაეკითხებოდნენ, უარი თქვა ჩემს შეთავაზებაზე და კონკრეტულ გეგმაზე – დაუყოვნებლივ ჩამოვიყვანოთ 1000 ქართველი, ვინც ახლა ევროპაშია. შემდგომი ორი კვირის განმავლობაში დამატებით 4 000-ის ტრანსპორტირება მოხდება თვითმფრინავით. 5000 ადამიანს ავტობუსუთ ჩამოვიყვანოთ საბერძნეთიდან და თურქეთიდან.

უკრაინული მთავარი ავიაკომპანია „sky up” მზად არის და ჩანიშნული აქვს რეისები ვარშავადან 31-ში, ბერლინიდან პირველ აპრილს, რომიდან ორში, ბარსელონიდან სამში. შემდეგ კიევიდან და ჰოლანდიიდან არის საშუალება მასობრივად ჩვენი ხალხის გამოყვანის.

ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ ამას ჩვენი მეგობრების დახმარებით ვაკეთებთ, იმ ჩვენი მეგობრების დახმარებით, რომლებსაც უყვართ საქართველო და პატივს მცემენ მე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებს არცერთი სამშობლოში დაბრუნება ევრო არ დაუჯდებათ. არანაირი 190-200 ევრო, უფასოდ მოგვყავს ჩვენი ხალხი. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ბლოკავს ამ შემოთავაზებას.

საქართველოს მთავრობისგან ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ერთი: თვითმფრინავების დაშვების უფლება, თანამშრომლობა ხალხის კარანტინში გაგზავნისთვის, რომ დანარჩენ მოქალაქეებს საფრთხე არ შეექმნას.

მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ევროპაში არიან გაჭედილები. ჩემი შეთავაზება ძალაშია. დაუყივნებლივ მიმართეთ საქართველოს მთავრობას მოხსნან ბლოკი თქვენს სამშობლოში დაბრუნებას უფასოდ უახლოეს დღეებში ჩვენ მზად ვართ, 10 000 თქვენგანი ევროპიდან უფასოდ ჩავიყვანოთ საქართველოში. უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით. ერთადერთი – უნდა მოიხსნას აკრძალვა საქართველოს მთავრობის მხრიდან. მიმართეთ ბატონ გახარიას და მის პატრონ ივანიშვილს. ჩვენ ეს შეთავაზება კვლავ გვაქვს და ვემზადებით როცა მოხსნიან ისინი ამ ბლოკს” – აცხადებს სააკაშვილი.

საკითხთან დაკავშირებით, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემაც ისაუბრა. როგორც ვაშაძე აცხადებს, მათ აქვთ საშუალება საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უფასოდ ჩამოიყვანონ.

ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, მთავრობას, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ჩამოსაყვანად დახმარება გუშინ შესთავაზა.

ეგახსენბთ, რომ 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 85 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 16 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 597,458 მიაღწია. გარდაიცვალა 27,370 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 133,373 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....