„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საშუალება აქვთ, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უფასოდ ჩამოიყვანონ.
მისი თქმით, 31 მარტიდან, ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ოთხი ჩარტერული რეისი განახორციელებას შეძლებენ.
„გასულ ორშაბათს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო აღრიცხვა ის მოქალაქეების, ვისაც არ აქვს არანაირი სახსრები და ვერ ბრუდნებიან სამშობლოში. ისინი ფაქტობრივად, ქუჩაში არიან და უნდათ სამშობლოში დაბრუნება. მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ გადავიდა კონკრეტულ ნაბიჯებზე და უმოკლეს ვადაში მოიძია უკრაინული ავიაკომპანია „sky up” და მეორე, სახსრები, რომლებიც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს უფასო ჩარტერული რეისებით დაბრუნდნენ სამშობლოში.
საშუალება გვაქვს 31 მარტიდან განვახორციელოთ 4 რეისი:
31 მარტი – ვარშავა-კიევი-თბილისი
1 აპრილი – ბერლინი თბილის
1 აპრილი – რომი თბილისი
2 აპრილი – ბარსელონა თბილისი 1000 ადამინის ჩამოყვანს უფასოდ შევძლებთ.
საქმეების 2/3 გაკეთებულია უკვე, ანუ მოძიებულია უკრაინული კომპანია, რომელიც განახორციელებს ფრენებს უფასო ჩარტერული რეისებით და მოძიებულია სახსრები, რომლებიც ამ სამაშველო ოპერაციას დასჭირდება. ეს ყველაფერი კიევში სააკაშვილმა გააკეთა, მაგრამ ეს 2/3 საქმის საკმარისი არ არის. ხელისუფლების დახმარებისა და ჩარევის გარეშე ჩვენ ამ სამაშველო ოპერაციას ბოლომდე ვერ მივიყვანთ. იმაზე არ ვლაპარაკობ, რომ საჭიროა კორიდორი, საჭიროა ფრენის ნებართვა და ა.შ, ამას ჩვენი ავიაციის დეპარტამენტი ადვილად გააკეთებს.
სჭიროა ძალიან სწრაფად საელჩოების და საკონსულოების მობილიზება იმისათვის, რომ ადგილსამყოფელი სახელმწიფოების ხელისუფლებასთან შედგეს მოლაპარაკება, მიიღონ ამ ფრენების განხორციელების ნებართვა, სასწრაფოდ დაელაპარაკონ იმაზე, რომ იყოს საბაჟო და სასაზღვრო მომსახურეობა, დაელაპარაკონ იმაზე, რომ ჩატარდეს სამედიცინო კონტროლი და შედგეს სიები. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვიყვანოთ ბავშვიანი ოჯახები, ახალგაზრდები და ის ადამიანები ვინც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.
ჩვენ მივიღეთ რამდენიმე ზარი, სადაც სასტუმროს მეპატრონეები უფასოდ გვთავაზობენ თავის სასტუმროებს იმისათვის, რომ უფასო ჩარტერული რეისით დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები განთავსდნენ ამ სასტუმროებში და გაიარონ კარანტინი.
ამ გზაგასაყარიდან ორი გზაა: ან ეხლა ჩვენ სწრაფად ვაკეთებთ საკოორდინაციო ჯგუფს, ვამტკიცებთ, რომ ვართ ის საზოგადოება და ერი, რომელიც იმსახურებს სახელმწიფოს, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და იმ 30 წელს, რომელიც დამოუკიდებლობის დღიდან გავიდა უბრალოდ არ ჩაუვლია, ან კიდევ ამ ხანძრის დროს ჩავიკეტებით პარტიულ ბინებში, არ დაველაპარაკებით ერთმანეთს და მივალთ იმ წერტილამდე, როდესაც თავზე დაგვემხობა სახურავი ყველას პარტიული კუთვნილების მიუხედავად“,-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გუშინ, მთავრობას, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ჩამოსაყვანად დახმარება შესთავაზა.
აღნიშნულ განცხადებებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყანას, მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად არავის დახმარება არ სჭირდება.
პრემიერმა ჟურნალისტებთან ოპოზიციის შეთავაზებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საკითხთან დაკავშირბეით ისეთი ადამიანები სპეკულირებენ, რომლებსაც საერთოდ მედიცინასთან ახლოსაც არ გაუვლიათ.
შეგახსენებთ, რომ 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 85 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 14 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.
საქართველოში 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 597,458 მიაღწია. გარდაიცვალა 27,370 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 133,373 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.