საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რუხის მრავალპროფილურ კლინიკასთან, ტესტებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეთავაზებაზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა. როგორც გახარიამ აცხადებს, ტესტებთან დაკავშირებით ისეთი ადამიანები სპეკულირებენ, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ტესტებზე და საერთოდ მედიცინასთან ახლოსაც არ გაუვლიათ.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არის შემდეგი რამ და დღეს თუ საქართველო სხვებთან შედარებით ნორმალურად უმკლავდება გამოწვევებს, ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვუსმენთ პროფესიონალებს. როცა ეპიდემიოლოგიაზეა საუბარი, ჩვენ ვუსმენთ არა პოლიტიკოსებს, არამედ ეპიდემიოლოგებს. როდესაც ეკონომიკაზეა საუბარი, ვსხედვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათთან ვსაუბრობთ. როდესაც მოქალაქეების პირდაპირ, მიზნობრივ დახმარებაზეა საუბარი, მაშინ პირდაპირ კავშირზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან და არავის ასეთი სიტყვიერი რჩევა, რასაც მე ჭორაობას დავარქმევდი, არ გვჭირდება”, – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერი ჟურნალისტებთან, გუშინ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივასაც გამოეხმაურა ემიგრანტების ჩამოყვანასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ქვეყანას, მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად არავის დახმარება არ სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 85 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 14 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.
საქართველოში 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 597,458 მიაღწია. გარდაიცვალა 27,370 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 133,373 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.