ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ახალი პაციენტის დაინფიცირება მოგზაურობას არ უკავშირდება” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია, კორონავირუსით ინფიცირებულ ბოლო პაციენტებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, დაავადებული ახალი პაციენტის დაინფიცირება მოგზაურობას არ უკავშირდება და მას სამსახურებრივად უცხოელებთან ჰქონდა შეხება.

“ეს პაციენტი დადასტურდა გუშინ და კვლევის პროცესშია, ალბათ ხვალ ან ზეგ მოგახსენებთ დეტალურად. მოგზაურობა არ არის, როგორც ჩემთვის ცნობილია, სამსახურებრივად აქვს ურთიერთობა უცხოელებთან, მაგრამ არასწორი ინფორმაცია რომ არ მოგაწოდოთ, ვცდილობ არ გითხრათ არაფერი, არ დავაკონკრეტო, რადგან ჩემთვის ეს მაინც უცნობია. წყარო კვლევაშია და ამ წყაროს აუცილებლად მოგახსენებთ. ქალბატონი ავადმყოფობის გამო ბინაზე იმყოფებოდა და თუ ამას ჩავთვლით თვითიზოლაციად, კი ბატონო. ავად იყო რამდენიმე ხანი, ამიტომ ის საკუთარ სახლში იყო თვითიზოლაციაში”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეგახსენებთ, რომ 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 85 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 14 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 597,458 მიაღწია. გარდაიცვალა 27,370 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 133,373 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....