ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როდესაც ქვეყანაში დაიწყება ფართო გავრცელება, შეგვეძლება ვთქვათ, როდის შეიძლება მიაღწიოს პიკურ გავრცელებას” – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, სანამ ვირუსი ფართოდ არ გავრცელდება, ძნელია იმის თქმა როდის შეიძლება მიაღწიოს პიკურ გავრცელებას.

“ძალიან ძნელია, მოსახლეობისთვის იმის ახსნა, რომელ კვირაში რა იქნება. როდესაც ქვეყანაში დაიწყება ფართო გავრცელება, შეგვეძლება ვთქვათ, როდის შეიძლება მიაღწიოს პიკურ გავრცელებას. მთავარია ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ რაც არ უნდა გააკეთოს ეპიდსამსახურმა, მთავრობამ და ნებისმიერმა უწყებამ, თუ ჩვენ არ დავრჩებით სახლში და მაქსიმალურად ყრად არ ვუღებთ გაფრთხილებას, რომ მაქსიმალურად მოვერიოთ ერთმანეთთან კონტაქტს, რისკის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს ოჯახებსა და და შემდეგ მთელს საზოგადოებას.” – განაცხადა იმნაძემ.

როგორც იმნაძე აცხადებს, ჯერ-ჯერობით მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს.

„ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება თითოეული ჩვენგანის ქცევაზე. ხშირად მესმის იაპონიაში ასე ხდებაო, კორეაში ასე ხდებაო. მათი მენტალიტეტი მკვეთრად განსხვავდება არათუ ჩვენი, არამედ სხვა ევროპელი ადამიანების მენტალიტეტისგან. მათთვის არც არის აუცილებელი, გამოცხადდეს საგანგებო ვითარება ან კარანტინი. კორეაში საერთოდ სირცხვილად ითვლება, რომ ავადმყოფი ადამიანი გამოჩნდეს საზოგადოებაში და ვინმეს გადასდოს დაავადება. ნუ შევედრებთ მათ. თითოეული ჩვენგანი, ვეცადოთ, მოვიქცეთ ისე, რომ სახელმწიფო იძულებული არ გახდეს, კიდევ უფრო მეტი საკარანტინო ღონისძიება გაატაროს ქვეყაბაში. ჯერ ამის საფუძველი არ ჩანს. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იქცევა შესაბამისად, მაგრამ, თუ შევატყობთ სიტუაციას, რომ მოქალაქეების რაღაც ნაწილი გააგრძელებს სამეგობრო თუ საახლობლო წრეში შეკრებას, თუ ახლა არ გავაკეთებთ იმას, რომ ეს თავად მაქსიმალურად აღვკვეთოთ, მაშინ სახელმწიფო იძულებული გახდება, ეს საკარანტინო ზონებით აღკვეთოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზომიერი ზრდის შანსი ჯერ კიდევ არის.

„რა თქმა უნდა, შემთხვევების ზრდა იქნება, გამოჩნდება ვირუსის საზოგადოებრივი გადაცემის შემთხვევებიც, როდესაც გადაცემის ზუსტი ჯაჭვის დადგენა ვერ მოხდება. ეს არის კანონზომიერება, რომლის მაგალითი გვაჩვენა ყველა სხვა ქვეყანამ. საქართველო ამას ვერ აცდება. ჩვენ შევძელით მთავარი, რომ ქვეყანაში შევინარჩუნეთ კონტროლირებადი ზრდა, ყველა კონტაქტის მაქსიმალური მოძიება. რა თქმა უნდა, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი მსოფლიოში, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ზრდა ჩვენს ქვეყანაში იქნება კონტროლირებადი რადგან ამას, სამედიცინო სამსახურების მუშაობის გარდა, ემატება ის, რომ საქართველოში წინმსწრები ღონისძიებები იყო განხორციელებული სოციალური დისტანცირების ძალიან მკაცრი ღონისძიებების სახით, ჯერ რეკომენდაციების სახით, შემდეგ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების სახით, ასევე ორ მუნიციპალიტეტში კარანტინის გამოცხადების სახით.

ეს ყველაფერი გვაძლევს იმის იმედს, რომ ქვეყანაში ზრდა იქნება არა ზვავისებური, როგორც ეს მოხდა ძალიან ბევრ ქვეყანაში, არამედ იქნება შემთხვევების კონტროლირებადი ზრდა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ეგახსენებთ, რომ 27 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 83 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 14 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება  4505 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 559,235 მიაღწია. გარდაიცვალა 25,354 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 128,781 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....