ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ახალი კორონავირუსის პანდემია ჩქარდება” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი

“ახალი კორონავირუსის პანდემია ჩქარდება” – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრაიესუსმა განაცხადა.

“პანდემია ჩქარდება. პირველი დაფიქსირებული შემთხვევიდან მას 67 დღე დასჭირდა, რომ 100 000 შემთხვევამდე მიეღწია, 11 დღე მეორე 100 000 შემთხვევისთვის და მხოლოდ ოთხი დღე მესამე 100 000-სთვის”, – თქვა მან.

“ჯანმოს” დირექტორი, მიმართავს დიდი ოცეულის ქვეყნებისა და ცენტრალური ბანკების ლიდერებს, რათა ამ კვირაში გაზარდონ ექიმებისა და ექთნებისთვის საჭირო დამცავი პროდუქციების წარმოება.

“ჩვენ გვჭირდება დიდი ოცეულის ქვეყნების ერთიანობა, რომლებსაც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 80%-ზე მეტი აქვთ. თუ ჩვენს პრიორიტეტებში არ იქნება ჯანდაცვის წარმომადგენლების დაცვა, ბევრი ადამიანი მოკვდება, რადგან თავად ექიმები იქნებიან ავად”, – თქვა ტედროს ადანომ გებრაიესუსმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 353,902 მიაღწია. გარდაიცვალა 15,420 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 100,629 პაციენტი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 61 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 8 ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3320 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....