“სუსტი ეკონომიკის ქვეყნისთვის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ამ ვირუსს გადავურჩეთ, არის ის, რომ გავრცელება არ უნდა იყოს მასშტაბური ხასიათის” – ამის შესახებ, იმუნულოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ამ ვითარებაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ძალიან მნიშვნელოვანია და თუ კი გავრცელების ეს დინამიკა გაგრძელდება, საქართველო ამას გაუმკლავდება.
“მინდა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ გააცნობიეროს, რომ სუსტი ეკონომიკის ქვეყნისთვის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ამ ვირუსს გადავურჩეთ, არის ის, რომ გავრცელება არ უნდა იყოს მასშტაბური ხასიათის, ანუ ერთად ბევრი ადამიანი ავად არ უნდა გავხდეთ კორონავირუსით. საქართველოში გავრცელების ეს დინამიკა თუ გაგრძელდა, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამას გაუმკლავდება. გავრცელების დინამიკის შეჩერება არის სახელმწიფოს მთავარი მოვალეობა და ვალდებულება. მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვთხოვ, ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნაწილი ზუსტად დგას კიდევ უფრო წინ, ვიდრე სახელმწიფოს ვალდებულებითი ნაწილი. აქ ჩვენ ვართ უფრო მეტად პასუხისმგებელი იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები” – აცხადებს კულუმბეგოვი.
როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, კორონავირუსით შექმნილი რეალობა, შეიძლება მესამე მსოფლიო ომი იყოს, ოღონდ მტერი არის უხილავი. მისი თქმით, ფრონტის ხაზი იტალიაში გადის.
მსოფლიო დღეს ძალიან აჩქარებულია და ძალიან წინ, ვიდრე იყო 1918 წლის პანდემიის დროს, 57-58 წლის პანდემიის დროს, თუნდაც 2009-10 წლის პანდემიის დროს. რა უპირატესობები გვაქვს მოცემულ სიტუაციაში: ჩვენ 2020-ში ვირუსი ძალიან სწრაფად ამოვიცანით. ვიცით რასთან გვაქვს საქმე, ვიცით როგორ კვდება, ვიცით რომ დაავადების ნაწილი მსუბუქად მიდის, მხოლოდ 15-%-ში არის რთული და 5-%-ში მძიმე ფორმები. ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს აზიაში განვითარებული მოვლენების. ვხედავთ, რომ კარანტინით, საყოველთაო მობილიზებით, თვითიზოლირებით და სწორი სამედიცინო მენეჯმენტით არის ერთეული შემთხვევები ქვეყნებში, სადაც მილიარდსამასიმილიონი ადამიანი ცხოვრობს. ერთადერთი პრობლემა არის ევროპა, სადაც ახლა მთავარი ცეცხლია. რეალურად ეს არის შეიძლება მესამე მსოფლიო ომი, ოღონდ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ მტერს. მტერი არის უხილავი. ფრონტის ხაზი გადის იტალიაში, ევროპის ქვეყნებში, ჩვენ ახლა ძალიან ცოტა დაზიანებული ადამიანი გვყავს და საბედნიეროდ არც ერთი გარდაცვლილი, რაც ძალიან კარგია“, – აღნიშნა იმუნოლოგმა.
შეგახსენებთ, რომ 21 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 49 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1966 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
საქართველოში დღეს 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 288,011 მიაღწია. გარდაიცვალა 11,949 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 93,617 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.