საქართველოში ნედლი ნავთობის 97% რუსეთიდან შემოვიდა – ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს და წერს, რომ რუსეთიდან 60,4 მლნ დოლარის ღირებულების 133,6 ათასი ტონა ნედლი ნავთობია შემოტანილი. 2024 წელს ნედლი ნავთობის იმპორტი მხოლოდ 10,5 ტონას შეადგენდა, ღირებულება კი – 5,8 მლნ დოლარს. იმპორტი დაახლოებით 13-ჯერ არის გაზრდილი.უწყების ცნობით, საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში 137 ათასი ტონა ნავთობის იმპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ ჯამში 62 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
საქართველოში რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტზე ინფორმაცია ოქტომბერში სააგენტო Reuters-მა გაავრცელა. საუბარი იყო კომპანია „რუსნეფტის“ მიერ ყულევში ახალაშენებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის მიწოდებულ ნავთობზე. მაშინ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი „კაისერი“ (Kayseri) რუსეთიდან ყულევის პორტში ოქტომბრის დასაწყისში შევიდა. მას 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი გადაჰქონდა. თუმცა აღნიშნა, რომ „გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა რუსული ნავთობკომპანია Руснефть, რომელიც საქართველოს ნავთობს აწვდის. გამოცემა Reuters წერს, რომ Руснефть-მა ამ თვეში საქართველოში ახლადაშენებულ ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი ტვირთი მიაწოდა. ყულევში პირველი რუსული ნავთობი მაკა ასათიანის ოჯახთან დაკავშირებულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მიიღო.

