ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი – ევროკომისიის ანგარიში

საქართველომ, შესაძლოა, უვიზო რეჟიმი მთლიანად დაკარგოს.ინფორმაციას რადიო თავისუფლება ევროკომისიის ახალ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ჯერ არ გასაჯაროებულა. მედია წერს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალ ანგარიშში ევროკომისია მიუთითებს, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება.

მათივე ცნობით, ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის „სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით“, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს იმ ახალი წესების ფარგლებში, რაც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შედის. ევროკომისიის თანახმად, პირველ ეტაპზე შეზღუდვა შეიძლება შეეხოთ დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, შემდეგ კი – მთელ მოსახლეობას: ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება „პრობლემებს არ მოაგვარებს“ – არ შეასრულებს ბრიუსელისგან არაერთგზის მიღებულ რეკომენდაციებს„ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის უფლების შეჩერება შესაძლოა შეეხოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ზომების მიუღებლობაზე…

მეორე ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუკი ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს…

საბოლოო ჯამში, საქართველომ შეიძლება სრულიად დაკარგოს უვიზო რეჟიმი და მოხვდეს იმ მესამე ქვეყნების სიაში, რომელთათვისაც ევროკავშირში სამოგზაუროდ ვიზა სავალდებულოა“, – წერს რადიო თავისუფლება ანგარიშზე დაყრდნობით.

17 ნოემბერს ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა განახლებული მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს ბლოკს, უფრო სწრაფად და ეფექტიანად შეაჩეროს ვიზალიბერალიზაცია იმ მესამე ქვეყნებისათვის, სადაც უვიზო რეჟიმი ბოროტად გამოიყენება ან ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს.

იტვირთბა....