“ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა, ალექსანდრე ერქვანიამ პარლამენტში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
მისი თქმით, აღნიშნული შეზღუდვები ეკლესიას და მორწმუნე ადამიანებს არ უნდა შეეხოს.
“დაუშვებლად მიმაჩნია საგანგებო მდგომარეობა შეეხოს მორწმუნე ადამიანებს და ამით შეეზღუდოთ ლოცვებზე დასწრება. ეს არის წარმოუდგენელი. მითუმეტეს ამ განსაცდელის დროს ადამიანებს აუკრძალო წირვა-ლოცვებზე დასწრება, ტაძრებში სიარული და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გამოკეტოს სახლში, ეს არის დაუშვებელი. რას ეუბნებით ადამიანებს, რომ ღმერთი არ არსებობს და ღმერთის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. თუ რა ხდება, გახარია საპონით და აინტისეპტიკით გადაგვარჩენს. წარმოუდგენელია ამის გაკეთება. თუ ეს ხელისუფლების პასუხია, გუშინ წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების. როგორ შეიძლება ამის გაკეთება უნდა დაფიქრდეთ. ჩვენი გადარჩენა არის ეკლესიაში და სწორედ ხალხის ლოცვას შეისმენს უფალი. დაფიქრდით ყველას მოგიწოდებთ, თუ ეს შეზღუდვა ადამიანის წირვა-ლოცვაზე დასწრებას შეეხება, არ დაუჭიროთ მხარი.” – განაცხადა ერქვანიამ.
გუშინ, 20 მარტს სინოდის კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი კოვზით ზიარება არ შეიცვლება.
საქართველოში დღეს 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
შეგახსენებთ, რომ 21 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 49 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1966 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 288,011 მიაღწია. გარდაიცვალა 11,949 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 93,617 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.