სინოდის განჩინებას, ზიარების წესის შეცვლასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე “ტვ პირველის” ეთერში ეხმაურება.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, ის ელოდა რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული.
“სინოდის წევრებთან იყო წინასწარი შეხვედრა. ძალიან კარგი, საქმიანი საუბარი. ჩვენ მათ ჯანდაცვის მხრივ ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ. დაახლოებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდით, რომ ამ ტიპის განცხადება იქნებოდა. იცით, რომ გარკვეულად მიეცათ უფლება მორწმუნეებს, რომ სახლიდან იყოს ლოცვები, მივლენ მოძღვრები სახლებში.
საპატრიარქომ ძალიან ბევრი რეკომენდაცია ჯანდაცვის სექტორის გაითვალისწინა. ერთ რეკომენდაციაზე ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, რთული გადასაწყვეტია. მე ველოდი, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული.” – განაცხადა ამმირან გამყრელიძემ.
გუშინ, 20 მარტს სინოდის კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი კოვზით ზიარება არ შეიცვლება.
საქართველოში დღეს 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
შეგახსენებთ, რომ 21 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 49 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1966 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 288,011 მიაღწია. გარდაიცვალა 11,949 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 93,617 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.