სახალხო დამცველი ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მანდატი სრულად არ გვაქვს ყველა იმ საკითხზე, რაზეც არის საუბარი, თუმცა, არის საკითხები, რასაც სახალხო დამცველი მიაქცევს ყურადღებას. პირველ რიგში, ეს არის შრომითი პირობები. ჩვენ შევისწავლით მათი სამუშაო საათების დ სამუშაო რეჟიმის სამართლიანობას და კანონიერებას იმიტომ, რომ დღეს რაც მოვისმინე, ის 12-საათიანი რეჟიმი, ორი კვირის განმავლობაში, ვფიქრობ, რომ ეწინააღმდეგება შრომის კანონმდებლობით აღიარებულ ვადებს, რაც დადგენილი არის მაქსიმუმ სამუშაო საათებად, მითუმეტეს, რომ მათ უწევთ ძალიან მძიმე, ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში მუშაობა. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დავინტერესდებით შრომის უსაფრთხოების საკითხებით, მოვისმინე, რომ კვებით უზრუნველყოფა არის ძალიან სავალალო მდგომარეობაში გაფიცულებისგან, თუმცა, საწინააღმდეგოს ამტკიცებს თავად კომპანია,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში, მაღაროელები, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, გაიფიცნენ.
მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ხოლო ერთმა მათგანმა პირი ამოიკერა.
ერთ-ერთი ადგილობრივის, გიორგი კასრაძის ინფორმაციით, კომპანიამ მათ ხელფასის ჩარიცხვა პროტესტის დასრულებამდე შეუწყვიტა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, კომპანია მზად არის, გაფიცულ მაღაროელებს ხელფასები ეტაპობრივად, 25% -ით გაუზარდოს. ამასთანავე, კომპანიაში თვლიან, რომ დასაქმებულები უკანონოდ არიან გაფიცული.
17 მაისს ‘”ქართულმა ოცნებმა” გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც კომპანიას მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ განაგრძონ მოლაპარაკებებიმაღაროელებთან, გაითვალისწინონ გაფიცულთა ყველა სამართლიანი მოთხოვნა და დაიწყონ ზრუნვა მათი სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე.
მაღაროელების პროტესტს ეხმაურება პრემიერიც და აცხადებს, რომ იზიარებს აქციის მონაწილეების მოთხოვნებს.
კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციის უფროსმა ირაკლი პეტრიაშვილმაგანაცხადა, რომ მდგომარეობის გასანეიტრალებლად, კომპანია სამუშაოებს დროებით აჩერებს.
ამავე თემაზე: “ჟურნალისტებო, გააშუქეთ ისე, როგორც ჩვენ – მშრომელები გეუბნებით” – მაღაროელი