საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჭიათურელი მაღაროელების მოთხოვნებს იზიარებს.
ბახტაძის განცხადებით, ამჟამად, ჭიათურაში მძიმე სიტუაციაა.
„ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე. ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება და სხვა საკითხები. ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა, ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად, დროულად ჩამოყალიბდეს მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მაღაროელები არიან გაფიცულები.
მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ხოლო ერთმა მათგანმა პირი ამოიკერა.
ერთ-ერთი ადგილობრივის, გიორგი კასრაძის ინფორმაციით, კომპანიამ მათ ხელფასის ჩარიცხვა პროტესტის დასრულებამდე შეუწყვიტა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, კომპანია მზად არის, გაფიცულ მაღაროელებს ხელფასები ეტაპობრივად, 25% -ით გაუზარდოს. ამასთანავე, კომპანიაში თვლიან, რომ დასაქმებულები უკანონოდ არიან გაფიცული.
17 მაისს ‘”ქართულმა ოცნებმა” გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც კომპანიას მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ განაგრძონ მოლაპარაკებებიმაღაროელებთან, გაითვალისწინონ გაფიცულთა ყველა სამართლიანი მოთხოვნა და დაიწყონ ზრუნვა მათი სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე.