პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„დღეს ჭიათურაში შევხვდით გაფიცულ მაღაროელებს და მოვისმინეთ მათი მოთხოვნები. შეუძლებელია, ვინმემ მოუსმინოს ამ ადამიანებს და გულგრილი დარჩეს მათი პრობლემების მიმართ. ჩვენ მოვუწოდეთ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“, მოესმინათ მაღაროელებისთვის და მიეღოთ ზომები მათი სამართლიანი მოთხოვნების შესასრულებლად. სამწუხაროა, რომ დღევანდელი მოლაპარაკება შეთანხმებით ვერ დასრულდა.
მოვუწოდებთ კომპანიის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ განაგრძონ მოლაპარაკებები, გაითვალისწინონ გაფიცულთა ყველა სამართლიანი მოთხოვნა და დაიწყონ ზრუნვა მათი სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე.
თუ მომდევნო დღეებში მოლაპარაკებები არ დასრულდება შეთანხმებით, ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავერთვებით საქმეში და მივიღებთ ზომებს მაღაროელების სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მაღაროელები არიან გაფიცულები.
გაფიცულებს დღეს ირაკლი ღარიბაშვილი დაპირდა, რომ “ჯორჯიან მანგანეცის” ხელმძღვანელობას შეხვდებოდა და მაღაროელების პრობლემების მოგვარებას ეცდებოდა.
ამის შემდეგ მუშებისა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა. ჭიათურის თეატრში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. თუმცა, სამსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
ჭიათურაში მაღაროელების ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. 15-მა მაღაროელმა მერიის წინ შიმშილობა დაიწყო.