„ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, კომპანია მზად არის, გაფიცულ მაღაროელებს ხელფასები ეტაპობრივად, 25% -ით გაუზარდოს.
ამასთანავე, კომპანიაში თვლიან, რომ დასაქმებულები უკანონოდ არიან გაფიცული.
ლომინაძე ასევე აღნიშნავს, რომ თუ გაფიცვა გაგრძელდება, ლომინაძემ განაცხადა, მუშაობა გაჩერდება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაშიც.
„თავდაპირველად ხელფასების 50%-ით გაზრდა მოითხოვეს, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია რეალობას და არის არაადეკვატური. არაადეკვატურ მოთხოვნებს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ არანაირი ჯგუფი არ გამოიყო, ვისთანაც მოხდებოდა აღნიშნული საკითხის გავლა. ჩვენ მზად ვიყავით 25-პროცენტიანი ზრდა შეგვეთავაზებინა და შევთავაზეთ. ეს ეფუძნებოდა იმ რეორგანიზაციას, რომელიც შეგვიძლია, რომ განვახორციელოთ კომპანიაში. აქ საუბარი არ არის რეორგანიზაციის დროს ჩვენი თანამშრომლების შემცირებაზე, საუბარია სტრუქტურულ ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს კომპანიაში. ეს მოგვცემს საშუალებას, დავზოგოთ გარკვეული ადმინისტრაციული ხარჯები და რომ სწორედ ამ ხარჯების დაზოგვის შედეგად მიღებული დანაზოგები გადავანაწილოთ ხელფასებზე. კომპანიას გააჩნია მყარი საფუძველი, რათა განაცხადოს, რომ მიმდინარე გაფიცვა უკანონოა. ჩვენი იურისტები ამზადებენ იმ დოკუმენტაციას, რომლითაც მოხდება სასამართლოში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა და სამართლებრივი პროცესის დაწყება“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ და დასძინა, რომ გაფიცვის შედეგად კომპანიას ყოველდღიურად მილიონი ლარის, ქვეყანას კი, ნახევარი მილიონი დოლარის ექსპორტის ზარალი ადგება.
ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება, ერთ-ერთმა გაფიცულმა, პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერა.
ერთ-ერთი ადგილობრივის, გიორგი კასრაძის ინფორმაციით, კომპანიამ მათ ხელფასის ჩარიცხვა პროტესტის დასრულებამდე შეუწყვიტა.