კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციის უფროსმა ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ მდგომარეობის გასანეიტრალებლად, კომპანია სამუშაოებს დროებით აჩერებს.
„ამ უკანონო გაფიცვით რომ არ დაზარალებულიყვნენ თანამშრომლები, ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ გუშინ აღდგენილიყო სამუშაო პროცესი და ვისაც სურვილი ჰქონდა, მოსულიყო. აღვადგინეთ ტრანსპორტი, მაგრამ მოხდა რამდენიმე ტიპის კონფლიქტი, შესაძლოა დაპირისპირება მომხდარიყო, ამიტომ კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაიძაბოს მდგომარეობა, ისევ შევაჩეროთ პროცესი.
თუ იქნება სურვილი, მზად ვართ, ჩვენც და სატრანსპორტო კომპანიაც, რომ აღვადგინოთ სამუშაოები. ეს აუცილებელია, ვინაიდან სამთო საქმე ითვალისწინებს, ყოველდღიურად მიმდინარეობდეს სარემონტო სამუშაოები, რადგან მორჩება ეს სიტუაცია, შესაძლებელი იყოს მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მაღაროელები არიან გაფიცულები.
მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ხოლო ერთმა მათგანმა პირი ამოიკერა.
ერთ-ერთი ადგილობრივის, გიორგი კასრაძის ინფორმაციით, კომპანიამ მათ ხელფასის ჩარიცხვა პროტესტის დასრულებამდე შეუწყვიტა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, კომპანია მზად არის, გაფიცულ მაღაროელებს ხელფასები ეტაპობრივად, 25% -ით გაუზარდოს. ამასთანავე, კომპანიაში თვლიან, რომ დასაქმებულები უკანონოდ არიან გაფიცული.
17 მაისს ‘”ქართულმა ოცნებმა” გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც კომპანიას მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ განაგრძონ მოლაპარაკებებიმაღაროელებთან, გაითვალისწინონ გაფიცულთა ყველა სამართლიანი მოთხოვნა და დაიწყონ ზრუნვა მათი სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე.
მაღაროელების პროტესტს ეხმაურება პრემიერიც და აცხადებს, რომ იზიარებს აქციის მონაწილეების მოთხოვნებს.
როგორც “მეტრონომს” ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ რომან კუპატაძემ განუცხადა, მაღაროელებს გზები აქვთ გადაკეტილი. მისი განცხადებით, თუ შეთანხმბა ვერ შედგა, მოშიმშილეების გვამების გატანა მოუწევთ.