aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მთავრობა აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს, რათა მძიმე შედეგები თავიდან იქნას აცილებული” – კვირიკაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მთავრობა აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს, რათა მძიმე შედეგები თავიდან იქნას აცილებული.

როგორც კვირიკაშვილი აცხადებს, ასეთ დროს სიტუაციისთვის უადგილო კრიტიკით, მინიმუმ ხელი არ უნდა შეუშალო იმას, რამაც ქვეყანა მინიმალური დანაკარგებით და რაც შეიძლება მალე უნდა გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან.

“მსურს გამოვხატო აღტაცება, პატივისცემა და დიდი მადლიერება საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების მიმართ, თავდადების, პროფესიონალური ბრწყინვალების და მოქალაქეობრივი ტვირთის უზადოდ ტარებისთვის. განსაკუთრებულად იმ ადამიანებს მადლობა, ვინც სწორი და დროული მიმართულება მისცეს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეაგირებას ამ ურთულეს გამოწვევაზე, რომელსაც ბევრმა, გაცილებით უკეთ დაფინანსებულმა სისტემამ სამწუხაროდ ვერ გაართვა თავი. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე.

მინდა ასევე მადლიერება გამოვხატო პოლიციელების, მესაზღვრეების, სამხედროების, ტრასპორტის თუ სავაჭრო სფეროში მომუშავე, და სხვა უამრავი ადამიანის მიმართ, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად აგრძელებს ურთულეს პირობებში მუშაობას და ქვეყნის სამსახურს.

ასევე მინდა ვთქვა, რომ მთავრობა აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს, რათა მძიმე შედეგები თავიდან იქნას აცილებული. ასეთ დროს ჩნდება სურვილი, რომ ერთი რიგითი მოქალაქის და ჯარისკაცის პოზიციიდან, შესაძლოა არა უაზრო, მაგრამ უკონტექსტო და სიტუაციისთვის უადგილო კრიტიკით, მინიმუმ ხელი არ შეუშალო იმას, რამაც ქვეყანა მინიმალური დანაკარგებით და რაც შეიძლება მალე უნდა გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან.

ერთი კია, შორეულ ისტორიას რომ არ დავესესხო, 9 აპრილიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ბოლო 31 წლისთვის თვალის გადავლებითაც ცხადი ხდება, რომ შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარულიც, გატანაც, გაჭირვებულის დახმარებაც, თავგანწირვაც, დაუფასებელი პროფესიონალიც ბევრი გვყოლია, უბრალოდ ერთი რამ გვაქვს მეც და ყველასაც გასაკეთებელი, რომ მომავალში ყველაფერი ეს მოვახერხოთ მანამდე, სანამ ასე მოიღრუბლება, რომ ერთხელაც გვიანი აღარ იყოს”,-წერს კვირიკაშვილი.

ეგახსენებთ, რომ 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 85 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 14 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 597,458 მიაღწია. გარდაიცვალა 27,370 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 133,373 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....