ახალი ამბები მთავარი

“უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბათუმიდან სამშობლოში სპეციალური რეისით გადაიყვანენ” – მიქელაძე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ უცხოეთის მოქალაქეს, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა.

მიქელაძის განცხადებით, ინფიცირებულ პაციენტი ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მას სამშობლოში სპეციალური რეისით დააბრუნებენ. მინისტრის ინფორმაციით, დღეს კორონავირუსი აჭარაში ჯამში 3 ადამიანს დაუდასტურდა.

“ჩრდილოეთ ევროპის რეგიონიდან ჩამოსულ მოქალაქეს, თავის ქვეყანაში გამოფრენამდე ჰქონდა ჩატარებული კვლევა, ოღონდ არ ვიცით როგორი მეთოდით, ინფექციაზე და მიიღო რა შეტყობინება საეჭვო დადასტურებაზე, შეგვატყობინა და გადაყვანილი იყო ინფექციურ საავადმყოფოში. ჩაუტარდა ტესტირება და აღმოჩნდა დადებითი. ქვეყანამ გამოთქვა სურვილი და აგზავნის სპეციალურ რეისს, გვიან ღამით ის დაბრუნდება თავის სამშობლოში”, — თქვა ზაალ მიქელაძემ.

მისივე თქმით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ჯამში 6 პაციენტია მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ 23 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 61 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 8 ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3320 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 353,902 მიაღწია. გარდაიცვალა 15,420 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 100,629 პაციენტი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....