ჭიათურაში მაღაროელების აქცია გრძელდება. როგორც “მეტრონომს” ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ რომან კუპატაძემ განუცხადა, მაღაროელებს გზები აქვთ გადაკეტილი.
“ამჟამად იგივე სიტუაციაა და მოლოდინის რეჟიმში ვართ. გადაკეტილი გვაქვს გზები და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი მოთხოვნილების დაკმაყოფილებამდე, ჩვენი განძი არ გავიდეს ქალაქიდან. გატანის პატარ-პატარა მცდელობები აქვთ, მაგრამ სერიოზული არაფერი”, – განაცხადა კუპატაძემ.
მისივე თქმით, “ჯორჯიან მანგანეზი” მაღაროელების უფლებებს ყოველწამს არღვევს და თუ შეთანხმება ვერ შედგება, ეს ყოველივე ფატალური შედეგებით დასრულდება.
“ჯორჯიან მანგანეზი” რასაც აცხადებს, ყველაფერი სიცრუეა. ხელფასების 25%-ით გაზრდაც სიცრუეა.
რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ჩვენ კვლავ გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ეგენი თავად კანონიერად გვექცევიან? ყველაფერს უკანონობას აწერენ რასაც დაინახავენ. რაშიც სიმართლეა, მაგათთვის ყველაფერი უკანონოა. თავად როგორც გვექცევიან, ეგ კანონიერია? პირიქით, ყოველდღე და ყოველწამს ჩვენს მიმართ არღვევს კომპანია კანონსსაც და კოდექსაც და ყველაფერს. ეტაპობრივად ხელფასის გაზრდაზე არავინაა თანახმა.
შეთანხმება რომ ვერ შედგეს, 14-15 მოშიმშილე მაღაროელის გვამს გაიტანენ აქედან”, – განაცხადა კუპატაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მაღაროელები არიან გაფიცულები.
მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ხოლო ერთმა მათგანმა პირი ამოიკერა.
ერთ-ერთი ადგილობრივის, გიორგი კასრაძის ინფორმაციით, კომპანიამ მათ ხელფასის ჩარიცხვა პროტესტის დასრულებამდე შეუწყვიტა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, კომპანია მზად არის, გაფიცულ მაღაროელებს ხელფასები ეტაპობრივად, 25% -ით გაუზარდოს. ამასთანავე, კომპანიაში თვლიან, რომ დასაქმებულები უკანონოდ არიან გაფიცული.
17 მაისს ‘”ქართულმა ოცნებმა” გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც კომპანიას მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ განაგრძონ მოლაპარაკებებიმაღაროელებთან, გაითვალისწინონ გაფიცულთა ყველა სამართლიანი მოთხოვნა და დაიწყონ ზრუნვა მათი სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე.
მაღაროელების პროტესტს ეხმაურება პრემიერიც და აცხადებს, რომ იზიარებს აქციის მონაწილეების მოთხოვნებს.