ახალი ამბები მსოფლიო

კიევში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა დაამტკიცეს

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, კიევში მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა დაამტკიცეს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

“კიევში შეიქმნა ევაკუაციის კომისიები – კიევის საქალაქო ადმინისტრაციის დონეზე და თითოეულ რაიონში. დამტკიცდა ევაკუაციის გეგმა. იგი განსაზღვრავს ასაწყობი ევაკუაციის პუნქტების ადგილს, ტრანსპორტის საჭირო რაოდენობას და უსაფრთხო ტერიტორიებს მოსახლეობის განსახლებისთვის“, – ნათქვამია მერის განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ საქალაქო სამსახურები ყველაფერს აკეთებენ საგანგებო სიტუაციებში მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის.

„დღეს კიევის სამოქალაქო დაცვის ძალები და საშუალებები (ეს არის კომუნალური, სასწრაფო და სხვა) არის: 13,5 ათასი პერსონალი და 780-ზე მეტი ტექნიკა. ასევე განლაგებულია ტერიტორიული ბრიგადის ძალები კიევის დასაცავად. “ – განაცხადა კლიჩკომ.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქალაქში სამჯერ გაიზარდა თავშესაფრებისთვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობა.

„თუ რამდენიმე წლის წინ გვქონდა 1500 შესაბამისი თავშესაფარი, დღეს მათი რაოდენობა გასამმაგდა. საერთო ჯამში სამოქალაქო დაცვის დამცავი ნაგებობების ფონდი 500-ზე მეტ ასეთ ადგილს მოიცავს.

ახლა ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა დაწესებულებებთან: სამედიცინო დაწესებულებებთან, სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან, სოციალური დაცვის დაწესებულებებთან და სხვა.

შემუშავებულია ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ უკრაინის მოქალაქეები”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის რუსეთ-უკრაინას შორის ვითარება ისევ დაძაბულია. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინას რუსი დიპლომატები ტოვებენ.

ამასთან, იაპონია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია და ავსტრალია, საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა დონბასში, უკრაინის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 7-ჯერ გახსნეს.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლური მედია “ავრცელებს აშკარა დეზინფორმაციას, ეწევა მანიპულირებას” რუსეთის სავარაუდო შეჭრის შესახებ უკრაინაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვლის, რომ რუსეთის შეტევა უკრაინაზე “უახლოეს დღეებში” მოხდება.

10 თებერვლის მიჯნაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეარხ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში მცხოვრებ ამერიკელებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებას ურჩევს.

მან დასძინა, რომ ამერიკული არმია ვერანაირად ვერ დაეხმარება აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან ის არ აპირებს მის გაგზავნას მსოფლიოს ბირთვული სახელმწიფოების ჯარებს შორის პირდაპირი კონფლიქტის საფრთხის გამო. 

ამასთან, რამდენიმე ქვეყანამ და მათ შორის ევროკავშირმაც, უკრაინაში მყოფ დიპლომატიურ კორპუსს და მოქალაქეებს ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდეს.

იტვირთბა....