ახალი ამბები მსოფლიო

ევროკავშირი თანამშრომლებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი თანამშრომლებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში ევროკავშირის მისიის წყაროზე დაყრდნობით, უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მატი მაასიკასმა მოუწოდა ყველა უცხოელ პერსონალს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია რუსეთის შემოჭრის საფრთხის გამო.

„სწრაფად ცვალებადი სიტუაციის გათვალისწინებით და ბრიუსელის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციის შემდეგ, მოვუწოდებ მისიის ყველა უცხოელ კოლეგას, რაც შეიძლება მალე დატოვონ უკრაინა და განაგრძონ მუშაობა დისტანციურად“, – განაცხადა მაასიკასმა პერსონალისთვის გაგზავნილ ელფოსტაში.

მისი თქმით, ის ძალიან წუხს ამ გადაწყვეტილების გამო, მაგრამ იმედოვნებს კიევში სრულფასოვანი მუშაობის სწრაფ განახლებას.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ თავად მაასიკასი რჩება უკრაინის დედაქალაქში სამუშაოდ.

ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო და ეს ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს.

ამასთან, რამდენიმე ქვეყანამ უკრაინაში მყოფ დიპლომატიურ კორპუსს და მოქალაქეებს ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდეს.

იტვირთბა....