იაპონია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია და ავსტრალია, საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
იაპონიამ უკრაინაში მყოფი საკუთარი მოქალაქეებისთვის საფრთხე მაქსიმალურ, მეოთხე დონემდე გაზარდა. ეს მოწოდებები იმის შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის მოქალაქეებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა, რადგანაც რუსეთთან ომის დიდი ალბათობა არსებობს.
ახალი ზელანდიის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის დატოვების მოწოდება რუსეთსა და უკრაინას შორის მზარდი დაძაბულობის გამო მოხდა.
მსგავსი მოწოდებით ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა მოქალაქეებს მიმართა.
ავსტრალიური მედიის ცნობით, მან უკრაინაში შექმნილ ვითარებას „ძალიან საშიში“ უწოდა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა დონბასში, უკრაინის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 7-ჯერ გახსნეს.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლური მედია “ავრცელებს აშკარა დეზინფორმაციას, ეწევა მანიპულირებას” რუსეთის სავარაუდო შეჭრის შესახებ უკრაინაში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვლის, რომ რუსეთის შეტევა უკრაინაზე “უახლოეს დღეებში” მოხდება.
10 თებერვლის მიჯნაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეარხ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში მცხოვრებ ამერიკელებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებას ურჩევს.
მან დასძინა, რომ ამერიკული არმია ვერანაირად ვერ დაეხმარება აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან ის არ აპირებს მის გაგზავნას მსოფლიოს ბირთვული სახელმწიფოების ჯარებს შორის პირდაპირი კონფლიქტის საფრთხის გამო.
ამასთან, რამდენიმე ქვეყანამ და მათ შორის ევროკავშირმაც, უკრაინაში მყოფ დიპლომატიურ კორპუსს და მოქალაქეებს ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდეს.