ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო იმ სიცრუეს” – დავით ხვიბლიანის მიმართვა

„არასოდეს მქონია შეხება, არც გამიგია ამ ადამიანის სახელი და გვარი. ჟურნალისტები რატომღაც მის იდენტიფიცირებას მთხოვენ, რაც სისულელეა. კამერებს დაფიქსირებული აქვთ სახე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია. აქვე მინდა თქვენი მეშვეობით კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო იმ სიცრუეს, რაც ჩემს მიმართ ვრცელდება – თითქოს მე ვიყავი თანამზრახველი და ბაზაზე ვყავდი პოლიციას გადაყვანილი, სადაც მაწამებდნენ თითქოს. ეს არის სრული აბსურდი. დამნაშავე რომ ვიყო სახლშიც არ ვიქნებოდი. ამ ეტაპზე არ მსურს გამოძიებას ხელი შევუშალო, შემდეგ კი ყველა ცილისმწამებელ მედიას აუცილებლად ვუჩივლებ ჩემი პატივისა და ღირსების შელახვისთვის.”

დავით ხვიბლიანი – ზუგდიდში, “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმის დროს ერთ-ერთი აყვანილი მძევალი.

ამის შესახებ მან “პრაიმტაიმს” განუცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბანკზე თავდამსმელი ბადრი ესებუა ამ დროისთვის დაკავებული არ არის და საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდში ბანკზე მომხდარი თავდამსხმელი, მოქმედი სამხედრო ბადრი ესებუაა. ამავე თემაზე: “მეტრონომმა” გაავრცელა ბადრი ესებუას ოჯახის განცხადება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

 

იტვირთბა....