საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებული საკითხების განხილვამდე რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს.
„საუბარს თუ დავიწყებთ, რას ითხოვს რუსეთი უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, რუსეთის დაგებულ ხაფანგში გავებმევით. ამით ყურადღებას გადავიტანთ მთავარი საკითხიდან, რომ ცეცხლის შეწყვეტა ჯერ არ მომხდარა და რუსეთის მოთხოვნების მოსმენას დავიწყებთ. მოდით, ყურადღება არსებულ ვითარებაზე გავამახვილოთ: გვყავს ერთი აგრესორი და ერთი მსხვერპლი. აგრესორს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს და მასზე არასდროს არავის განუხორციელებია თავდასხმა. პირიქით, თავად ესხმის თავს სხვებს. გთხოვთ, მთავარ საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება“, – განაცხადა კალასმა.
კალასმა დადებითად შეაფასა აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, ჯარედ კუშნერის განცხადება, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპელი წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირს მოლაპარაკებების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ექნება. კალასის თქმით, ევროკავშირმა თანმიმდევრული პოზიცია უნდა შეინარჩუნოს და ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა სხვა საკითხების განხილვაზე წინ დააყენოს.

