ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბადრი ესებუას ოჯახი განცხადებას ავრცელებს

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდში ბანკზე მომხდარი თავდამსხმელი, მოქმედი სამხედრო ბადრი ესებუაა.

ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიში, ესებუას ოჯახში აცხადებს, რომ ის თბილისშია.

“რა შენი საქმეა, სადაა, თბილისშია, სადაა და ვაზიანშია, რა ვიცი მე, სადაა წასული, მე მითანხმებს? – უთხრა “მთავარი არხის” ჟურნალისტს ესებუას ოჯახის წევრმა, ხოლო მეორე ახლობელმა ჟურნალისტს უთხრა: “პაემანზე წავიდა, შეყვარებულთან”.

ცოტა ხნის წინ გრიგოლიშში, ესებუების სახლთან, სასწრაფო დახმარების მანქანა გამოჩნდა, რადგან ბადრი ესებუას მამა – ტარიელი შეუძლოდ გახდა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გრიგოლიშში იმასაც ადასტურებენ, რომ ესებუა სენაკის მეორე ქვეითთა ბრიგადაში მსახურობდა, თუმცა, ამატებენ, რომ ამჟამად ის მოქმედი სამზხედრო არაა და არც გრიგოლიშში სპეცოპერაციის ჩატარებას ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....