ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 1389 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა დღესთან შედარებით 511-ით ნაკლებია – ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი “REPUBBLICA” ავრცელებს.
რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, განვლილ დღე-ღამეში იტალიაში კორონავირუსით 174 კაცი გარდაიცვალა, ეს მონაცემი კი 300-ით ნაკლებია, ვიდრე – წინა დღეს.
ჯამში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილია 28 884 პირი.
კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება ნელ-ნელა იცვლება სხვადასხვა ქვეყანაში, იცვლება შეზღუდვების სპეციფიკაც. სომხეთში ხვალიდან მაღაზიების, რესტორნებისა და ბარების ნაწილი გაიხსნება.
ისრაელში თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა.
შეგახსენებთ, სასწავლო პროცესის განახლება იგეგმება გერმანიაშიც. მომავალი კვირიდან გერმანიის სკოლებში 11 და 12 წლის მოსწავლეები დაბრუნდებიან.
შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო ესპანეთშიც. შვიდკვირიანი კარანტინის შემდეგ გუშინ ესპანელები ქუჩაში სავარჯიშოდ და ველოსიპედებით გავიდნენ.
„დღეს ჩვენ შეზღუდვების გამარტივებისკენ პირველი ნაბიჯი გადავდგით, უნდა ვიყოთ ყურადღებით და ამას პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ“, – ამის შესახებ კი ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.